დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)
პროგრამის მიზანია, მოამზადოს დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, რომელსაც წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის აქვს შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეუძლია, უპასუხოს მასწავლებლისთვის წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.
პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებაზე, რაც მათ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე დაფუძნებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
ამასთან პროგრამა მიმართულია მასწავლებლისათვის აუცილებელი ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიც არის: ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, პრობლემის იდენტიფიცირების, მისი ავტონომიურად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები შესაბამისობაშია მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისი საფეხურის საგნობრივ ნაწილსა და უფროსი მასწვლებლისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან.
ლექცია / სემინარი, დისკუსია და დებატები, ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები, სიტუაციის ანალიზი (Case Study), პრეზენტაცია, დემონსტრირება, პროექტებით სწავლება, კოგნიტური დიაგრამებით სწავლება, უკუკავშირის მეთოდები, პედაგოგიური პრაქტიკა; პედაგოგიური პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია, წყაროებზე მუშაობის მეთოდები, ლაბორატორიული მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები და სხვ.
ცოდნა და გაცნობიერება:
პროგრამის კურსდამთავრებულს
- ექნება დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის (I-VI კლასი) პროფესიული სტანდარტის საგნობრივი ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა;
- ეცოდინება პიროვნების, განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიები;
- ექნება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების უნარი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით;
- ეცოდინება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაციისა და უნივერსალური დიზაინის შექმნის ძირითადი პრინციპები, ექნება სსსმ მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის, სასწავლო პროცესში მათი ჩართვისა და კლასში ინტეგრაციის უნარი;
- ექნება ცოდნა კლასგარეშე საქმიანობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის;
- ეცოდინება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაგეგმვის, წარმართვისა და ანალიზის ძირითადი მიდგომები და გააცნობიერებს კვლევის შედეგების გამოყენების აუცილებლობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს
- საგნობრივი ცოდნის ეფექტიანად გამოყენებას სწავლებისას;
- პიროვნების, განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის ეფექტიანად გამოყენებას თითოეული მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობი უსაფრთხო და თავისუფალი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გარემოს სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად;
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შემუშავებას, მათზე დაყრდნობით სასწავლო პროცესის წარმართვასა და შეფასებას;
- დადებითი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნასა და სსსმ მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარების მიზნით სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობას და მასთან კონსულტაციით ან/და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და გამოყენებას;
- კლასგარეშე საქმიანობის დაგეგმვასა და წარმართვას მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
- საკვლევი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი კვლევის მეთოდის შერჩევას, კვლევის ჩატარებას, კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ინტერვენციების დაგეგმვას, განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის შეფასებას.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს
- მასწავლებლის პროფესიაში შესვლის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კერძო და საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები)) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების უფროს მასწავლებლად;
- სასწავლო ცენტრებში.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.
პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის, სტუდენტმა უნდა გაიაროს:
- ზოგადი მოდულიდან – 42 კრედიტი;
- პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკიდან – 48 კრედიტი;
- საგნობრივი და საგნობრივი მეთოდიკის ბლოკიდან – 141 კრედიტი
- ქართული ენა და ლიტერატურა – 45 კრედიტი;
- მათემატიკა – 36 კრედიტი;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 30 კრედიტი;
- საზოგადოებრივი მეცნიერებები – 30 კრედიტი;
- დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკის ბლოკიდან – 27 კრედიტი:
- პრაქტიკა (ქართული) – 6 კრედიტი;
- პრაქტიკა (მათემატიკა) – 6 კრედიტი;
- პრაქტიკა (ბუნებისმეტყველება) – 6 კრედიტი;
- პრაქტიკა (საზ. მეცნიერებები) – 6 კრედიტი;
- პედაგოგიური რეფლექსია – 3 კრედიტი.
- კვლევის ბლოკიდან – 42 კრედიტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების სწავლის გადასახადი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
- ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება.
E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)