განათლების ადმინისტრირება – BTE

განათლების სკოლა

სამაგისტრო პროგრამები

განათლების ადმინისტრირება

პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების სექტორის პროფესიონალი, რომელიც

  • კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვასა და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას;
  • აღჭურვილია განათლების სექტორში ლიდერისთვის საჭირო კომპეტენციებით და მოქმედებს პროფესიული და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
  • დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

სწავლებისას გამოიყენება დიდაქტიკური, სოკრატული, სოციალური სწავლების (კოოპერატიული და თანამშრომლობითი), კეთებით სწავლების მეთოდები, ლექცია, სემინარი, დისკუსია, სიტუაციის მოდელირება, როლური თამაშები/სიმულაციები, კერძო შემთხვევის განხილვა (case studies), დებატები, პროექტი (ინდივიდუალური და ჯგუფური), პრეზენტაციები, ჯგუფური მუშაობა, სუპერვიზია, რეფლექსია და სხვ.

პროგრამაში გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში შესაძლოა გამოყენებული იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდი ან ნებისმიერი სხვა მეთოდი, კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე, რაც ასახულია შესაბამის სილაბუსში.

კურსდამთავრებული / კურსდამთავრებულს:

  • შეუძლია კრიტიკულად გააანალიზოს და შეაფასოს არსებული თეორიები და კვლევები, რომლებიც ეხება ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა და ლიდერობის საკითხებს, და გამოიყენოს ისინი ორგანიზაციის გამოწვევებისა და მიზნების საპასუხოდ;
  • ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტების, შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებითა და დამოუკიდებლად განხორციელებული კვლევის შედეგების საფუძველზე შეუძლია საგანმანათლებლო ორგანიზაციებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი კრიტიკული ანალიზი, გადაჭრის გზების განსაზღვრა საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ;
  • შეუძლია მართოს ორგანიზაციული პროცესები და ხელი შეუწყოს ორგანიზაციასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას;
  • შეუძლია სწავლა-სწავლების პროცესების დაგეგმვა, ეფექტიანი მართვა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ტრანსფორმაცია საგანმანათლებლო ორგანიზაციის, მისი შემადგენელი ერთეულისა თუ საგანმანათლებლო პროგრამის/ინიციატივის დონეზე;
  • წარმართავს საკუთარ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და ეთიკური ნორმების დაცვით და წაახალისებს ეთიკური გარემოს შექმნას როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სივრცეში;
  • საკუთარი პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების საფუძველზე, შეუძლია საკუთარი პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ასევე კურსდამთავრებულებს შეუძლიათ შესაძლებელია სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

განათლების ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი. გარდა ამისა, პროგრამის დასასრულს წარმოადგინოს შემაჯამებელი პორტფოლიო. პორტფოლიოში უნდა შედიოდეს პროგრამის ფარგლებში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები (მტკიცებულებები), რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. შემაჯამებელი პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამა დასრულებულად ჩაეთვლება შემაჯამებელი პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.

პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, დასპეციალდეს ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით. მის სტრუქტურაში გათვალისწინებულია ძირითადი კურსების ბლოკი, ორიენტირებული განათლებაში მართვისა და ლიდერობის, სწავლა-სწავლების, განათლების სექტორის ზოგადი კონტექსტის (მისი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრები) საკითხებზე. ძირითადი ბლოკის გავლის შემდეგ სტუდენტები არჩევითი კურსების მეშვეობით ცოდნას გაიღრმავებენ ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით. პროგრამა მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკისა და კვლევის შესაძლებლობებზე.

კრედიტები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სავალდებულო კურსების ბლოკი – 54 კრედიტი;
  • პრაქტიკისა და კვლევის ბლოკი – 36 კრედიტი;
  • სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი – 18 კრედიტი;
  • არჩევითი კურსების ბლოკი – 12 კრედიტი;

შენიშვნა: არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში (12 კრედიტი) სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, აირჩიოს როგორც მოცემულ ბლოკში, ასევე პროგრამის სხვა ბლოკისა და უნივერსიტეტის ფარგლებში სხვა სამაგისტრო პროგრამებში შეთავაზებული კურსები.

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა გამოცდის წარმატებით ჩაბარება

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე აპლიკანტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • დარგობრივი ცოდნა;
  • მოტივაცია;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • საგანანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

შენიშვნა:

  • პროგრამაზე მიღების პირობები, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების მოთხოვნები და შეფასების სისტემა განთავსდება ვებ-გვერდზე.

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)

bte@iliauni.edu.ge

Share on :

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)
სპეციალური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (I-VI კლასები)
?>
Loading please wait....