პროგრამული ინჟინერია
პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა 2011 წელს და განახლდა 2020 წელს. პროგრამა შესაძლოა განახლდეს ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
მისაღები ადგილების რაოდენობა: 20 ვაკანტური ადგილი.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პროგრამული ინჟინერიის მაგისტრი.
პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამული ინჟინერიის მიზანია მოამზადოს დარგის მზარდ მოთხოვნებზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც პასუხობს სფეროში არსებულ გამოწვევებს და ღრმა და სისტემური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე:
- შეუძლია სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევის/პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების დამოუკიდებლად შემუშავება, განვითარება, ტესტირება, შეფასება და ინოვაციური მეთოდებით მართვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
- შეუძლია პროფესიული დარგის განვითარებაში წვლილის შეტანა, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და შედეგების დაცვა/დასაბუთება ეთიკური ღირებულებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით.
პროგრამის კურიკულუმი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.
პროგრამის სტრუქტურა:
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი, მათ შორის:
- სავალდებულო კურსების ბლოკი: 66 კრედიტი;
- არჩევითი კურსების ბლოკი: 24 კრედიტი;
- სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი.
კურსების კატალოგი და სემესტრული გადანაწილება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების, ინგლისური ენის გამოცდის და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო, ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, ინფორმაციული სისტემების, კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, მათემატიკის და/ან მომიჯნავე მიმართულებით.
პროგრამაზე დაშვების დოკუმენტი და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.
დასაქმების სფეროები:
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციაში, იქნება ეს საინფორმაციო სისტემები, მედია ტექნოლოგიები, სამედიცინო ტექნოლოგიები, წარმოების სფერო, ფინანსური მომსახურების სერვისები, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო თუ სხვა.
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა:
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი;
- პროგრამული უზრუნველყოფის ანალიტიკოსი;
- პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი;
- სისტემის ანალიტიკოსი;
- მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი;
- DevOps ინჟინერი.
ასევე, პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.
მოხიბლული ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამით. უმაღლესი დონის ტექნიკური აპარატურა სწავლის პროცესს მიმარტივებს და პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას მაძლევს. მომწონს ადმინისტრაციის ეფექტური მუშაობაც, საიდანაც ვიგებ სასარგებლო ინფორმაციას პროგრამული ინჟინერიის სფეროში. ჩემთვის გამოსადეგია პროგრამაზე შემოთავაზებული ყველა საგანი, რადგანაც ისინი შერჩეულია ბაზარზე მოთხოვნის გათვალისწინებით. საერთო ჯამში, ეს პროგრამა ჩემთვის პრაქტიკული და სიახლეებით სავსეა და ხელს უწყობს ჩემს კარიერულ ზრდას. (ანა დვალი, 2024 წლის კურსდამთავრებული)
უზომოდ კმაყოფილო ვარ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სამაგისტრო პროგრამას ეტყობოდა, რომ მასზე ბევრი იყო ნაფიქრი. სწავლის პროცესში ისეთ მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ, როგორიცაა: მონაცემთა ბაზების დიზაინი, განსხვავებულ ენებზე დაპროგრამება, დისტრიბუციული სისტემები, ალგორითმები და ა.შ. აბსოლუტურად თითოეული საგნიდან ფასეული გამოცდილება მივიღე და ვგრძნობ, რომ სამსახურშიც კი მეხმარება ამ სფეროში სისტემატიურად მეტი ცოდნის მიღება და გაღრმავება. ეს ყველაფერი არის იმის გათვალისწინებით, რომ სხვა არამომიჯნავე სფეროდან გადმოვერთე და მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც დეველოპერად დავიწყე მუშაობა. (ანი თხელიძე, 2024 წლის კურსდამთავრებული)
ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა პროფესიონალი აკადემიური პერსონალითა და მრავალფეროვანი, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგნებით. აღნიშნული პროგრამა პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით არსებული ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ცოდნის შეძენაში მეხმარება. (მიხეილ ქაჯაია, 2024 წლის კურსდამთავრებული)
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს ძლიერი პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა აქვს. მის საფუძველზე შეძენილი ცოდნა შეესაბამება სამუშაო ბაზარზე მოთხოვნილ ტექნოლოგიებსა და უნარებს. ლექტორებს ასევე აქვთ დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რის შედეგადაც ჩატარებული ლექციები და დისკუსია ძალიან საინტერესო იყო. სამაგისტრო ნაშრომის გასაკეთებლად პროგრამაში ჩართულმა ლექტორებმა საინტერესო პროექტები შემოგვთავაზეს და მათ რეალიზებაში მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი. მე პირადად დიდ რეკომენდაციას ვუწევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამას. (თორნიკე ონიანი, 2023 წლის კურსდამთავრებული)
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში საინტერესო დისკუსიებში ჩართულობის შესაძლებლობა და ამ სფეროში აქტიურად მომუშავე აკადემიური პერსონალის მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. (ნათიგ კურბანოვი, 2023 წლის კურსდამთავრებული)
როგორც ამ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, შემიძლია თამამად გავუწიო რეკომენდაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამას. საგნების მრავალფეროვნებამ მომცა ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა ამ სფეროში, რამაც არსებითი როლი ითამაშა სამსახურის პოვნაში – პირველი სემესტრის შემდეგ დავსაქმნდი ბანკში პროგრამისტად. სამაგისტრო ნაშრომის წერისას იგრძნობოდა მხარდაჭერა ნაშრომის ხელმძღვანელის მხრიდან – ის იყო მზად, რომ ნებისმიერი პრობლემური საკითხი დროულად აღმოგვეფხვრა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება იმავე მიმართულებით დოქტორანტურის გაგრძელებაზე. (ალექსანდრე ტაბიძე, 2021 წლის კურსდამთავრებული)
ანა ჭრელაშვილი
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი, ოთახი 207
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
📧 ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge
ნათია გასვიანი
ტექნოლოგიის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, T კორპუსი, ოთახი 207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
📧 natia.gasviani@iliauni.edu.ge