ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად ამერიკის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში იწყებს უახლეს პროგრამას „რობოტიკისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის სკოლა“, რომელიც მიზნად ისახავს უფროსკლასელებში საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას.
პროგრამა, ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიმდინარეობისას სკოლებში შეიქმნება კლუბები, რომლებშიც გაერთიანდება თბილისისა და რეგიონების 30 სკოლის IX-XII კლასების 150 მოსწავლე.
პროექტის დახმარებით უფროსკლასელები შეისწავლიან:
- რობოტიკის საფუძვლებს
- დრონების პროგრამირებას
- ბლოკურ პროგრამირებას
- არდუინოს პროგრამირებას
- გრაფიკულ დიზაინს
- ტექმეწარმეობას
ეს მიმართულებები დაეხმარება მოსწავლეებს სკოლის ბაზაზე სხვადასხვა ტექნოლოგიური იდეის შემუშავებასა და დანერგვაში.
პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად გადამზადდება თბილისისა და რეგიონის 30 სკოლის 150 უფროსკლასელი კლუბის ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად.
მეორე ეტაპზე კი გადამზადებული მოსწავლეებისგან ჩამოყალიბდება 30 გუნდი. ეს გუნდები საკუთარ სკოლებში შექმნიან და განავითარებენ ტექნოლოგიურ კლუბებს 8-10 მოსწავლის მონაწილეობით და შეისწავლიან სკოლის პრობლემებს, შეიმუშავებენ ტექნოლოგიურ იდეებს პროგრამაში გათვალისწინებული მასალის შესაბამისად.
პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართება რობოტიკისა და ტექმეწარმეობის ფორუმი, რომელზეც მონაწილე გუნდები წარადგენენ კლუბის ფარგლებში შემუშავებულ იდეებს. საუკეთესო იდეების ავტორებს მხარს დავუჭერთ პროექტების განხორციელებაში.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის ხელმძღვანელია ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები, ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნის დახმარებით.
რეგისტრაციის პირობები:
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გამოცხადდება საჯარო და კერძო სკოლებისთვის, რომლებიც გადაირჩევიან სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით. შემდგომ ეტაპზე კი ამ სკოლებიდან შეირჩევიან მოსწავლეები.
შერჩევის კრიტერიუმები:
- სკოლის გამოცდილება და კომპეტენცია ტექნოლოგიური კლუბების მართვის მიმართულებით;
- გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი;
- მოსწავლეთა რაოდენობა.
როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?
სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 25 ოქტომბრისა.
სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/3RQVCkR
შენიშვნა: კლუბი გათვლილია IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
კლუბის ტრენერებისთვის შერჩევა ცალკე გამოცხადდება.
აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2022 წლის 31 ოქტომბრისა.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ვებგვერდზე და მათ გამოყენებას ნებისმიერი სკოლა შეძლებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ფეისბუქგვერდი – https://bit.ly/2IOWh7Z
ელფოსტა: fablabtraining@iliauni.edu.ge
2022 წელი