COVID 19-ᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲘᲚᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲨᲘ
2020 წელს Covid 19-ის პანდემიის დაწყებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო და სამუშაო პროცესი 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან სრულად დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. მოგვიანებით უნივერსიტეტმა შეიმუშავა „ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა”, რომელმაც საშუალება მისცა, 2020 წლის შემოდგომიდან სასწავლო და სამუშაო პროცესი ნაწილობრივ აღედგინა ჩვეულ რეჟიმში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ხორციელდება სასწავლო პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები, ასევე სტუდენტებს აქვთ ბიბლიოთეკისა და რესურსცენტრის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაც.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამჟამად უნივერსიტეტში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
- უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ პირბადით;
- უნივერსიტეტში შესვლისას სავალდებულოა თერმოსკრინინგის ჩატარება (37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში პირი არ დაიშვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე);
- უნივერსიტეტში განთავსდა დეზობარიერები;
- უნივერსიტეტში განთავსდა სადეზინფექციო საშუალებები: ხსნარები, ერთჯერადი ხელსახოცები და გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერები;
- ყოველი სამუშაო დღის შემდეგ საერთო გამოყენების სივრცე სველი წესით ლაგდება/სანიტარულად მუშავდება, ასევე პერიოდულად (2-საათიანი ინტერვალებით) სანიტარულად მუშავდება ხშირად გამოყენებული ზედაპირები;
- ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეში რამდენჯერმე ხდება შენობის ვენტილაცია;
- სასწავლო დაწესებულებაში სტუდენტებს უშვებენ წინასწარი განსაზღვრული გეგმის/ცხრილის მიხედვით;
- აუდიტორიებში სტუდენტთა განთავსება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დისტანციის (მინ. 1 მეტრის) დაცვით;
- სამუშაო სივრცეში დასაქმებულთათვის არის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები: პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები, ერთჯერადი ხელსახოცები, სახის დამცავი ფარები;
- დასაქმებულის, სტუმრის ან/და სტუდენტის მიერ სიმპტომების დაფიქსირების ან ამ გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ასევე COVID-19-ის დადასტურებულ ან/და სავარაუდო შემთხვევისას გამოვლენილი პირების განსათავსებლად უნივერსიტეტმა მოაწყო საიზოლაციო სივრცე, რომელშიც უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაცია.
არსებული რეგულაციები ეფუძნება და პერიოდულად ახლდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
2022 წელი
ინფექციური_დაავადებისთვის_მზადყოფნისა_და_რეაგირების_გეგმა