ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა „AI და მედიცინა: ხელოვნური ინტელექტის როლი მკურნალობასა და მედიკამენტების განვითარებაში“.
სამეცნიერო-პრაქტიკული დისკუსია სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თანამედროვე ტენდენციებს დაეთმო.
შეხვედრის მთავარმა მომხსენებლებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ასოცირებულმა პროფესორმა ელენე ჟურავლიოვამ და „AI Molecular Precision Medicine“-ის მეცნიერ-მკვლევარმა დეა გოგიშვილმა, ისაუბრეს იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები მედიკამენტების შექმნისა და განვითარების პროცესში იწვევს, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები როგორც მკურნალობის პერსონალიზაციის, ისე წამლების აღმოჩენის დაჩქარების კუთხით. ყურადღება გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და შეზღუდვებზეც, რომლებიც სფეროს ასეთ სწრაფ განვითარებას ახლავს.
