4-6 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) სააკრედიტაციო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი გაიმართა. ABET-ის სააკრედიტაციო შემფასებელთა ჯგუფმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, შესაბამისი პროგრამების აკადემიურ პერსონალთან, ინდუსტრიულ მრჩეველთა საბჭოების წევრებთან და სტუდენტებთან ერთად შეაფასეს ტექნოლოგიების სკოლის საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამები.

ინჟინერიისა და კომპიუტერული მეციერების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის და გულისხმობს პროგრამის მიზნების, სტუდენტთა სწავლის შედეგების, სასწავლო კომპონენტების, აკადემიური პერსონალისა და ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სისტემურ შეფასებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს პროცესი და შეფასება ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოებთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რათა ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით განვითარდეს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამებიც. ეს მიდგომა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევის კომპონენტების კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და უნივერსიტეტის ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

საერთაშორისო აღიარების მქონე საინჟინრო განათლების განვითარება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების თანმიმდევრულ მხარდაჭერას საჭიროებს. ეროვნული ტექნოლოგიური პოტენციალის რეალური ზრდისთვის აუცილებელია, რომ ABET-ის სტანდარტების დანერგვა უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკისა და დაფინანსების პრიორიტეტად შენარჩუნდეს.

საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო აკადემიური პროგრამების განვითარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის (MCA-საქართველო / MCC), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობისა და ილიას უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით უნივერსიტეტში აშენდა სრულიად ახალი 4-სართულიანი ტექნოლოგიების კორპუსი (უნივერსიტეტის ბიუჯეტით) და შეიქმნა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საინჟინრო ლაბორატორიები, გადამზადდა აკადემიური პერსონალი, აკადემიური პროგრამები სრულად მიესადაგა ამერიკულ საგანმანათლებლო სტანდარტებს. უნივერსიტეტის, საერთაშორისო დონორებისა და სამინისტროს ამ ერთობლივმა ძალისხმევამ საქართველოს უმაღლეს განათლებაში უპრეცედენტო შედეგი გამოიღო და სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, სამშობლოშივე მიიღონ მსოფლიოში აღიარებული დიპლომი ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში.

2026