სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმამათლებლო პროგრამა
პროგრამის აღწერა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს ორი სემესტრის განმავლობაში განხორციელებულ 60 კრედიტის მოცულობის აკადემიურ კურსს, რომლის მიზანია ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს მოთხოვნებზე მორგებული, თანამედროვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალური მასწავლებლების მომზადება. პროგრამა აერთიანებს სიღრმისეულ თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ საქმიანობასა და სასკოლო პრაქტიკის გამოცდილებას, ხელს უწყობს პროფესიული კომუნიკაციის, რეფლექსიისა და სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპების გამოყენების უნარების განვითარებას.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოზე მორგებული კონკურენტუნარიანი, უახლესი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალური მასწავლებლის მომზადება, რომლებიც სიღრმისეული და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ:
- პოზიტიური გარემოს ფორმირებას;
- მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, წარმართვასა და შეფასებას;
- რეფლექსიის საფუძველზე თვითშეფასებას, პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.
ამასთან, პროგრამა მიმართულია მასწავლებლისათვის აუცილებელი ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.
პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები შესაბამისობაშია სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელთან და სპეციალური მასწავლებლისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
პროგრამის სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებული:
- მსჯელობს ინდივიდის შემეცნებით, სოციალურ, ემოციურ, ქცევით, ადაპტურ, მოტორულ უნარ-ჩვევებზე და ჰოლისტური განვითარების ასაკობრივ თავისებურებაზე, შესაბამის მიდგომებსა და თეორიულ საფუძვლებზე;
- მსჯელობს ინკლუზიური განათლების ფილოსოფიურ, ისტორიულ, სამართლებრივ ასპექტებზე;
- განიხილავს მოსწავლის აკადემიურ მიღწევას მთლიანობითი (ჰოლისტური) შეფასების პრინციპის გათვალისწინებით და აფასებს წინა აკადემიურ და აკადემიურ უნარ-ჩვევებს და მიზნობრივად იყენებს განვითარების ხელშემწყობ სტრატეგიებს;
- იყენებს სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებს, დიფერენცირებულ მიდგომას საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას;
- მოიძიებს/ქმნის და იყენებს სასწავლო რესურსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და აპლიკაციებს მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტს სასწავლო გეგმის მიზნების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ასაკის გათვალისწინებით;
- მონაწილეობას იღებს სასკოლო გარემოში პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიდგომების, პროგრამებისა და სტრატეგიების დანერგვაში;
- მსჯელობს კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებზე და გეგმავს სამუშაო პროცესს პროფესიული საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში;
- ირჩევს პროფესიული პრაქტიკის განვითარებისა და გაუმჯობესების ეფექტურ გზებს
სწავლის მეთოდები
- ინტერაქტიული ლექციები და სემინარები;
- დისკუსია და დებატები;
- ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
- შემთხვევის ანალიზი (Case Study);
- პრეზენტაცია;
- დემონსტრირება;
- მოდელირება;
- გონებრივი იერიში;
- რეფლექსია;
- თანამშრომლობითი სწავლება;
- პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- როლური და სიტუაციური თამაშები/სიმულაციები;
- უკუკავშირის მეთოდები;
- პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
- წყაროებზე მუშაობის მეთოდები.
დასაქმების სფეროები
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე
- სასწავლო და დღის ცენტრებში
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პროგრამაზე რეგისტრაცია ტარდება ელექტრონული ფორმატით.
რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
შენიშვნა: სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ავტობიოგრაფიას (CV) უნდა დაურთონ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლა, ბაღი, პროფესიული სასწავლებელი, დღის ცენტრები და ანალოგიური დაწესებულებები) სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში მასწავლებლის სანოტარო წესით დამოწმებული სერტიფიკატის ასლი;
დ) 3/4-ზე ელექტრონული ფოტოსურათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ფოტოსურათი);
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
რეგისტრაციის გავლის უფლება აქვთ იმ აპლიკანტებსაც, რომელთაც განაცხადი აქვთ შეტანილი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის აპელაციის თაობაზე და რეგისტრაციის პერიოდისთვის უცნობია საბოლოო შედეგი. ასეთი აპლიკანტების ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო შედეგით გადალახავენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდის მინიმალურ ზღვარს.
საფასური
- პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაფინანსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად;
- ფასიანი ადგილების გამოცხადების შემთხვევაში პროგრამის წლიური საფასურია 2250 ლარი.
მიღების წინაპირობა
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლა, ბაღი, პროფესიული სასწავლებელი, დღის ცენტრები და ანალოგიური დაწესებულებები) სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა – ზეპირი გასაუბრება.