ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას – „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია ABET მიენიჭა.

ABET საერთაშორისო აკრედიტაციას ანიჭებს გამოყენებითი, კომპიუტერული, საინჟინრო და საინჟინრო-ტექნოლოგიური მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამებს.

ილიაუნის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ პირველია ამ დარგში, რომელსაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ABET აკრედიტაცია მიენიჭა.

საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ სრულად შეესაბამება კომპიუტერული ინჟინერიის სფეროს საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებისთვის ხარისხიანი და კვალიფიციური განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დიპლომს , რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

ABET აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანი მიღწევაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რომელმაც 2013 წლიდან აქტიურად დაიწყო აკადემიური პროგრამებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება საინჟინრო და ტექნოლოგიების მიმართულებით და მოკლე პერიოდში მოახერხა ABET აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა.

ამ წარმატებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით ილიაუნის პარტნიორებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს- რომელთა მხარდაჭერითაც 2015 წლიდან უნივერსიტეტში საინჟინრო განათლების ორმაგი ხარისხის
პროგრამები დაინერგა, პროფესორ-მასწავლებლები გადამზადდნენ, უახლესი ლაბორატორიებით აღიჭურვა უნივერსიტეტის ტექნოლოგიების შენობა.

ABET საბჭოს მიერ აკრედიტაცია სულ მინიჭებული აქვს 40 ქვეყნის 895 უნივერსიტეტის 4564 საგანმანათლებლო პროგრამას.

ABET აკრედიტებული პროგრამები ხორციელდება ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

2023