22-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ბაზაზე ხუთდღიანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართა.

პროექტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და საფრანგეთის საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან – Conservatoire national des arts et métiers (CNAM) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიების მთავარი სამუშაო თემა იყო: როგორ გამოვიყენოთ ნარატივები, როგორც კვლევის ინსტრუმენტი განათლების საკითხების კვლევაში?

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი  მაგისტრანტი, დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი საქართველოდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ყირგიზეთიდან.

სკოლის მონაწილეები გუნდურ სამუშაო პროცესში იყვნენ ინტენსიურად ჩართულნი.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა:

  •  აკადემიური სივრცეების შესახებ კოლექტიური ნარატივების შექმნას;
  •  სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის დათვალიერებას;
  •  ერთობლივი წერის პროცესს და ინტერდისციპლინურ დისკუსიებს;
  •  ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით თარგმნისა და წერის შესაძლებლობების კრიტიკულ ანალიზს.

მონაწილეებმა წარადგინეს კოლექტიური ნარატივები და შექმნეს სპეციალური ნარატივების რეპოზიტორი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლო ერთობლივ კვლევებსა  და სამეცნიერო პუბლიკაციებზე მუშაობას.