30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები სიცილიის ქალაქ აგრიჯენტოში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვორკშოპში „AGRIGENTO Capital of Culture – Memory: The Enchanted City“ („აგრიჯენტო კულტურის დედაქალაქი – მეხსიერებით მოჯადოებული ქალაქი“).
აგრიჯენტო 2025 წელს გამოცხადდა იტალიის კულტურის დედაქალაქად. ამ სტატუსის აღსანიშნავად გაიმართა ვორკშოპი, რომლის მთავარი მიზანი სან ვიტოს ყოფილი ციხის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავება იყო. პროექტი მიზნად ისახავდა ციხის კულტურულ ცენტრად გადაქცევას – ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცის შექმნას.
ვორკშოპის ორგანიზატორები იყვნენ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ელეონორა ბერსანი და ერმეს ინვერნიცი.
ვორკშოპის მონაწილეებს უმასპინძლა ფავარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა Farm Cultural Park-მა, რომლის დამფუძნებლებიც, ანდრეა ბარტოლი და ფლორინდა საიევა, დიდი ხანია აქტიურად მონაწილეობენ სიცილიის რეგიონის ურბანული სივრცეების რეაბილიტაციაში. მათი ძალისხმევით ნახევრად მიტოვებულ სოფელ ფავარაში ჩამოყალიბდა ინოვაციური საზოგადოებრივი და ხელოვნების სივრცე, სადაც ადგილობრივი და მოწვეული არტისტები ექსპერიმენტულ პლატფორმებზე მუშაობენ.
ქართველმა სტუდენტებმა ითანამშრომლეს არქიტექტორთა სტუდიის CTRL+ წევრებთან, რომლებიც ფავარის ურბანულ განვითარებაზე მუშაობენ.
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ სან ვიტოს ციხის სხვადასხვა უბნის რეკონსტრუქციის კონცეფციების შექმნაში. სამუშაო ოთხ ძირითად მიმართულებად დაიყო:
- სან ვიტოს შესასვლელი კარიბჭის დაგეგმარება;
- შიდა ეზოს არქიტექტურულ-კონცეპტუალური განვითარება;
- ბავშვთა თანამედროვე გასართობი სივრცის შექმნა;
- ციხის შენობაში მულტიფუნქციური კინოთეატრის მოწყობა.
4 ივნისს კონცეფციური პროექტების საბოლოო პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, მედიის წარმომადგენლები, აგრიჯენტოს მერი და სიცილიის რეგიონული კულტურის მინისტრი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მგზავრობა უზრუნველყო ილიაუნის სტუდენტური სერვისების ცენტრმა, ხოლო ვორკშოპს უმასპინძლეს Farm Cultural Park-მა და მილანის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა.
დამატებითი ინფორმაცია ვორკშოპის მასპინძელ ორგანიზაციაზე იხილეთ ბმულზე:
https://humancities.eu/casestudies/farm-cultural-park-favara/
2025












