30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები სიცილიის ქალაქ აგრიჯენტოში მონაწილეობდნენ  საერთაშორისო ვორკშოპში “AGRIGENTO Capital of Culture – Memory: The Enchanted City“ („კულტურის დედაქალაქი აგრიჯენტო – მეხსიერებით მოჯადოებული ქალაქი“).

31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში  ვორკშოპის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

დიზაინის სახელოსნო, რომელიც ქალაქ აგრიჯენტოში მოეწყო, მიზნად ისახავდა ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ადგილის, ყოფილი სან ვიტოს ციხის, კულტურულ და სოციალურ ცენტრად გარდაქმნას.

ბოლო 30 წლის განმავლობაში დახურული ციხე ახლა რეგენერაციისა და შემოქმედებითი ტრანსფორმაციის პროცესშია. სწორედ იქ მოაწყვეს საერთაშორისო სახელოსნო, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ფარმის კულტურული პარკის თანამშრომლები და არტისტებისა და დიზაინერების კოლექტივი CTRL S, ხოლო აკადემიური პარტნიორები – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ქართული ინსტიტუციების თანამშრომლობა 2019 წლიდან გრძელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. აგრიჯენტოს სახელოსნოს მოწყობა ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელებაა, როგორც მულტიდისციპლინური და კოლაბორაციული დიზაინის პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურას, ურბანულ კვლევებსა და სოციალურ ინოვაციებს.

სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 ოქტომბერი, 15 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისის სამხატვრო აკადემია, ა. გრიბოედოვის ქ. N22

დასწრება თავისუფალია.

2025