6-10 ივნისს აგრიჯენტოში (იტალიაში) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ვორკშოპში „მეხსიერებით მოჯადოებული ქალაქი – The Magic of Inhabiting the Future in Favara“.
ვორკშოპი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, ელეონორა ბერსანისა და ერმეს ინვერნიცის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებას ფავარის კულტურის ცენტრმა (Farm Cultural Park) უმასპინძლა, სამუშაო პროცესს ჯგუფი „Collettivo ctrl+S“ უძღვებოდა.
პროექტში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ბაქოს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პროფესორები.
ამჟამად ფავარის ისტორიული ცენტრი მიტოვებულია, შენობები კი განახლებასა და „გაცოცხლებას“ საჭიროებს. ვორკშოპის მიზანი იყო ამ ტერიტორიის შესწავლა და მდგრადი, ინკლუზიური საცხოვრებელი მოდელის შექმნა.
სტუდენტების უნდა დაეგეგმარებინათ გრძელვადიანი და დროებითი საცხოვრებელი სივრცეები როგორც მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ისე სტუდენტებისა და ვიზიტორებისთვის. მათ ასევე უნდა შეემუშავებინათ საზოგადოებრივი სერვისების კონცეფცია სხვადასხვა ასაკობრივი და ინტერესთა ჯგუფის გასაერთიანებლად.
პროექტის მონაწილეებმა იმუშავეს სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდის, გენტრიფიკაციის უარყოფითი შედეგების შემცირებისა და ისტორიული ურბანული გარემოს გრძელვადიანი გამოცოცხლების გზებზე.
საერთაშორისო ვორკშოპმა არქიტექტურის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა კომპლექსური ურბანული კონტექსტის ანალიზის, ინკლუზიური და სოციალური პროცესების მართვის, ასევე პროექტირების პროცესში კვლევითი და საპროექტო ინსტრუმენტების გამოყენების უნარების განვითარებისთვის.
სტუდენტების მონაწილეობა დააფინანსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა სერვისებმა.