18 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართება წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებაზე მოსწავლეები წარადგენენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მენტორობით შექმნილ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს.

წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს, რომლებიც ხორციელდება USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს. კლუბების ფარგლებში მასწავლებლის მომზადების სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლების მენტორობით დაწყებითი კლასების მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ხელნაკეთ წიგნებს და ამ წიგნების ინტერაქციულ ვერსიებს.

პროექტმა გააერთიანა 120 მოსწავლე, 21 მასწავლებელი, 10 მენტორი სტუდენტი. სულ მომზადდა 72 გაციფრულებული და ხელნაკეთი პროექტი.

18 ივნისს მოსწავლეები ეწვევიან უნივერსიტეტს, გამოფენენ თავიანთ ხელნაკეთ წიგნებს, სტუდენტებთან ერთად გამართავენ მოკლე პრეზენტაციებს – წარმოგვიდგენენ წიგნების გაციფრებულ ვარიანტებს.

სკოლები დაჯილდოვდებიან საბავშვო წიგნების სხვადასხვა ნაკრებით.

მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. პროექტი ეხმარება მასწავლებლებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვაში, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და საინტერესო, დაუვიწყარი გამოცდილების მიღებაში.

სპეციალურად პროექტისთვის ილიაუნის კიბერლაბორატორიაში შეიქმნა ვებგვერდი https://ibook.iliauni.edu.ge/ საიტზე განთავსდა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნების ინტერაქტიული ვერსიები, რომლებიც დღეიდან ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება.

დრო: 18 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 დარბაზი, ტექნოლოგიის კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის ქ.N3/5, ვაკის პარკის გადმოსწვრივ)

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

2023