27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“ მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს, რომლის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია გაიმართება 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში.
ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალში N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე.
სტუდენტებმა უკვე შეიმუშავეს საჯარო სივრცის მოწყობის ერთიანი კონცეფცია და მცირე საპარკო ელემენტების დიზაინი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 30 სექტემბერს წარუდგინეს. ამჟამად სტუდენტები ადგილზე ფიზიკურად მუშაობენ და ამზადებენ სივრცეს ცვლილებებისთვის.
ღონისძიება მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს მიტოვებული და გამოუყენებელი ადგილების სარეკრეაციო პოტენციალი და ხელი შეუწყოს მოცემული არეალის საჯარო სივრცედ გარდაქმნას.
ცოცხალი ლაბორატორია (https://greensuperblock.com/ka) ექსპერიმენტული დიალოგის ერთგვარი ფორმატია მეცნიერებსა და მცხოვრებლებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს სამეზობლოს განვითარებისთვის იდეების შემუშავებას, მწვანე და ღია სივრცეებზე ყურადღების გამახვილებით.
დრო: 5 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალი N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცე