საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია ,სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ფიზიკა)
პროგრამის აღწერა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლად არსებული საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ექვსი მიმართულებით:
- ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა
- ისტორია
- გეოგრაფია
- სამოქალაქო განათლება
- ბიოლოგია
- ფიზიკა
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი საგნის საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი კომპეტენციები და შეუძლია უპასუხოს მასწავლებლისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც შეძლებენ:
- პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირებას;
- მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, წარმართვასა და შეფასებას;
- რეფლექსიის საფუძველზე თვითშეფასებასა და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას.
ამასთან, პროგრამა მიმართულია მასწავლებლისათვის აუცილებელი ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, პრობლემის იდენტიფიცირების, მისი ავტონომიურად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები შესაბამისობაშია მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით უფროსი მასწავლებლისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
პროგრამის სწავლის შედეგები:
პროგრამის კურსდამთავრებული:
- მსჯელობს პიროვნების, განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიების გამოყენების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში და ქმნის საბაზო და საშუალო საფეხურის როგორც მთლიანი კლასის, ისე თითოეული მოსწავლის, მათ შორის, სსსმ მოსწავლეთა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობ უსაფრთხო, ინკლუზიურ, თავისუფალ, კეთილგანწყობილ და მამოტივირებელ სასწავლო გარემოს;
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებზე, ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებსა და სწავლების შესაბამის საგნობრივ სტანდარტებზე დაყრდნობით, ასევე სწავლის უნივერსალური დიზაინის, დიფერენცირებული სწავლების, რემედიაციის მიზნობრივი გამოყენებითა და სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიმუშავებს კურიკულარულ და ექსტრაკურიკულარულ სასწავლო გეგმებს და მათზე დაყრდნობით ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის, მათ შორის, სსსმ მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას.
- მოიძიებს/ქმნის და იყენებს სასწავლო რესურსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და აპლიკაციებს მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტს სასწავლო გეგმის მიზნების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ასაკის გათვალისწინებით;
- შეფასებას იყენებს როგორც სწავლის შედეგების გასაზომად, ასევე სასწავლო შედეგების გაუმჯობესების გზების დასახვისთვის, ავლენს შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების შერჩევის /მოდიფიცირების/ შექმნის ფართო ცოდნას და იყენებს პრაქტიკაში მიზნობრივად როგორც მოსწავლეების, ასევე საკუთარი პრაქტიკის შეფასებისთვის;
- ჯგუფებთან და ინდივიდებთან ეფექტური კომუნიკაციის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით აანალიზებს და აფასებს საკუთარ, პროფესიულ საჭიროებებს და გეგმავს პროფესიული განვითარების შესაბამის აქტივობებს.
სწავლის მეთოდები:
- ინტერაქტიული ლექციები და სემინარები;
- დისკუსია და დებატები;
- ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
- სიტუაციის ანალიზი (Case Study);
- პრეზენტაცია;
- დემონსტრირება;
- მოდელირება;
- გონებრივი იერიში;
- რეფლექსია;
- თანამშრომლობითი სწავლება;
- პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- როლური და სიტუაციური თამაშები/სიმულაციები;
- კოგნიტური დიაგრამებით სწავლება;
- უკუკავშირის მეთოდები;
- პედაგოგიური პრაქტიკა; პედაგოგიური პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
- შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი.
დასაქმების სფეროები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
- საჯარო და კერძო სკოლებში შესაბამისი საგნის საბაზო და საშუალო საფეხურის უფროს მასწავლებლად;
- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრებში;
- პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
- საგანამანათლებლო რესურსცენტრებში;
- განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პროგრამაზე რეგისტრაცია ტარდება ელექტრონული ფორმატით.
რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში მასწავლებლის სანოტარო წესით დამოწმებული სერტიფიკატის ასლი;
დ) 3/4-ზე ელექტრონული ფოტოსურათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ფოტოსურათი).
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
რეგისტრაციის გავლის უფლება აქვთ იმ აპლიკანტებსაც, რომელთაც განაცხადი აქვთ შეტანილი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის აპელაციის თაობაზე და რეგისტრაციის პერიოდისთვის უცნობია საბოლოო შედეგი. ასეთი აპლიკანტების ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო შედეგით გადალახავენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდის მინიმალურ ზღვარს.
საფასური:
- პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, დაფინანსებული ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად;
- ფასიანი ადგილების გამოცხადების შემთხვევაში პროგრამის წლიური საფასურია 2250 ლარი.
მიღების წინაპირობა
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და წარმატებით აქვს ჩაბარებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შესაბამისი საგნის გამოცდა.
- შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.