7 მარტს გურჯაანის ტექნოპარკში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახაშნის საჯარო, სოფელ გურჯაანის საჯარო და გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის გადასცეს ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმომადგენლებმა – პროექტის მენეჯერმა ქეთევან დარახველიძემ, პროგრამის კოორდინატორმა და ტექნიკურმა მრჩეველმა ავთანდილ მღებრიშვილმა, მონიტორინგის კოორდინატორმა ფატი წერეთელმა და გურჯაანის ინოვაციების ცენტრის მენეჯერმა ელენე გოგოლაშვილმა.
„ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტმა გვიჩვენა, რომ რეგიონებში საკმაოდ დიდი პოტენციალი და მოთხოვნაა ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ასეთი ტრენინგები კი უფრო მეტად უწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართულობასა და პროფესიულ ზრდას.“- ქეთევან დარახველიძე, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მენეჯერი
„აღნიშნული ტიპის ტრენინგები ხელს უწყობს პროგრამირების, ტექმეწარმეობის, რობოტექნიკის, დიზაინისა თუ სხვა მიმართულების მოთხოვნადი პროფესიების კლუბების განვითარებას, რაც რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია. ბევრ ახალგაზრდას ეძლევა საკუთარი უნარების განვითარებისა და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა, რაც სამომავლოდ გამოადგებათ.” ავთანდილ მღებრიშვილი, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კოორდინატორი და ტექნიკური მრჩეველი
პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.
2022 წელი