30 მაისს რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა უმასპინძლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას. საგანგებოდ ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას კურსდამთავრებულებთან ერთად დაესწრნენ მათი ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუმრები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის)რექტორები და ადმინისტრაციული პერსონალი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრები, კერძო – საჯარო პარტნიორობის ფონდის დონორები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს სხვა პარტნიორები.
ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომები კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის და ქიმია/ბიოქიმიის დარგებში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს STEM პროგრამებზე სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების შესახებ.
წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 103 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიიცირებული პროექტების განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოშვების 66% სწავლას წარჩინებით ასრულებს; კურსდამთავრებულთა 40% ქალია, რაც შედეგია სდსუ –საქართველოს მიერ STEM დარგებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენ მიმართული აქამდე განხორციელებული ღონისძიებებისა. კურსდამთავრებულებს აქვთ ყველა სათანადო უნარი და ცოდნა, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), 125-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური სტემკადრების მომზადება. სდსუ საქართველოს პროგრამებს უკვე ჰყავს 410 კურსდამთავრებული. 2023 წლის გამოშვების შემდეგ მათი რაოდენობა მიაღწევს 523-ს.
2023 წელი