ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs//ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში განვითარების მიმართულებით ჩატარდა კონსორციუმის მეორე ონლაინ (2021 წლის 30 ივნისი-2 ივლისი) და მეორე ეროვნული ( 2021 წლის 27-29 ივლისი) შეხვედრები.
კონსორციუმის მეორე შეხვედრა ჩატარდა პროექტის კოორდინატორების, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის, სირიე ვირკუსისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ იზაბელა პეტრიაშვილის ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე პროექტის მონაწილე ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მეორე ეროვნულ შეხვედრას კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა და მას საქართველოს მხრიდან ჩართული ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კაუნასის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მეორე ეროვნული შეხვედრის მსვლელობაში ჩაერთო ონლიან, Zoom.us პლატფორმის საშუალებით.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც მიეძღვნა განვითარების სამუშაო პაკეტის (WP2) საკითხებს, მომხსენებლებმა და მონაწილეებმა წარმოადგინეს, განიხილეს და შეათანხმეს ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის და დისემინაციის მენეჯმენტის გეგმების საბოლოო ვერსიები.
შეთანხმდა მაგისტრებისა და ბაკალავრებისათვის განკუთვნილი კურსების საბოლო ვერსიები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რიდერები.
წარმოდგენილი იქნა სატრენინგო მოდულების თემატიკა და მისაღწევი მიზნები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის და ონლაინინსტრუქტორების მოსამზადებლად.
სამუშაო შეხვედრების განმავლობაში განხილულ იქნა პროექტის ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განისაზღვრა კურსებისათვის განკუთვნილ რიდერებზე მუშაობის გეგმა, მოხდა შეთანხმება პროექტის გარე შეფასებისათვის გამოსაცხადებელი საკონკურსო ვადებისა და პირობების, ახალი ამბების ბიულეტენის, FB გვერდისა და პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.
2021 წელი