ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ მღებრიშვილმა ქალების გაძლიერებისა და ტექნოლოგიებში შეტანილი წვლილისთვის გრეის ჰოპერის პროგრამის Special Mention-ის ჯილდო მიიღო.
გრეის ჰოპერის წლევანდელ ჯილდოზე ძირითადი ექვსი ნომინაციის გამარჯვებულთაგან შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილისთვის გამოარჩიეს ქალთა გაძლიერების ქომაგი, ავთანდილ მღებრიშვილი.
ავთანდილ მღებრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს თბილისში და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გოგოების მხარდაჭერაზე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. როგორც ავთანდილმა ჯილდოს მიღებისას აღნიშნა, მისთვის უმნიშვნელოვანესია, ახალგაზრდებს დაანახოს, რომ ტექნოლოგიები შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ შესაძლებელია ვაქციოთ.
“ტექნოლოგიების განვითარებაში გენდერის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ბოლო წლების საქმიანობა სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევს საზღვრებს”, — აღნიშნა ავთანდილმა.
გრეის ჰოპერის ჯილდო საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით და თიბისისთან პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული ჯილდო ICT სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის დაწესდა. პროგრამის მხარდამჭერები ასევე არიან: ვიზა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, იუჯითი, მეიჯორელ ჯორჯია აჭარა ჯგუფი, ლინეატი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა და საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო.
კატეგორიის შესახებ ვრცლად ინფორმაცია იხილეთ: Grace Hopper Award Program – Finalists (ictwomen.ge)
2023