საქართველოს აკადემიურ სივრცეში პირველად დაინერგა სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული კურსი, რომელიც 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე განხორციელდა. სასწავლო კურსის დანერგვა განაპირობა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის (BERI) წარმატებულმა თანამშრომლობამ.
სასწავლო კურსს უძღვება CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ლექტორი გიგა ჩიტიშვილი.
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის სამეწარმეო აზროვნებისა და სოციალური მეწარმისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარებას. ამ მიზნით ხორციელდება სოციალური მეწარმეობის კონცეფციის თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომებისა და განვითარების მოდელების სიღრმისეული გაცნობა, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელია საკუთარი იდეების გენერირებისა და განვითარების საშუალებით.
მიმდინარე სემესტრში კურსი წარმატებით გაიარა 17-მა სტუდენტმა და შედეგად შეიქმნა 7 სოციალური საწარმოს იდეა, რომლებიც მზადაა განსახორციელებლად.