ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Start-up Grind-ის წარმომადგენლობა გაიხსნა. მისი მიზანია შექმნას საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ილიაუნის Start-up Grind-ის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით 3 აპრილს გაიმართა პირველი შეხვედრა თემაზე „ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე“.

90-იანი წლები ბევრი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური პრინციპების დასაბამია. ამ კომპანიებმა შეძლეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ბიზნესმოდელების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც კონკურენცია გაუწიეს ტრადიციულ ინდუსტრიებს და შექმნეს ახალი ბაზრები.

ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ქართული და ამერიკული გარემოს მაგალითზე მიმოიხილეს, რა პროცესები მიმდინარეობდა ეკოსისტემაში 1990-იანი წლებიდან დღემდე, ისაუბრეს სტარტაპგარემოს 1990-2022 წლების გამოწვევებზე და დამსწრეთ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

მომხსენებლები

დავით ჩეჩელაშვილი სტრატეგიაზე ორიენტირებული მეწარმეა და 2004 წლიდან ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის გადაკვეთაზე მუშაობს. ბიზნესპარტნიორებთან ერთად დაარსებული აქვს 5 გლობალური სტარტაპი, ძირითადად იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მათგან ერთ-ერთი, კინოინდუსტრიის ცნობილი ბრენდი, 3D ტექნოლოგიების ბოლო ტალღის (2005) სათავეში იდგა. 2015 წელს დავითი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მონაწილეობს სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებაში. საქართველოს აქსელერაციის 500 პროგრამის კოორდინატორია.

ანა რობაქიძე, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მანამდე იყო Clientela-ს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუშაობდა ასობით სხვადასხვა API-ზე. 2022 წელს მოიგო Web Summit-ის Pitch კონკურსი. Theneo (YC W22) სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც ორიენტირებულია API დოკუმენტაციაზე. კომპანია ავითარებს, აკონტროლებს და ინახავს API დოკუმენტაციას ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური მეშვეობით.

Startup Grind გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 3 მილიონამდე ანტრეპრენერს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს სტარტაპების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და არაფორმალურ გარემოში სამეწარმეო „ქომუნითების“ შექმნას.

2023 წელი