ილიაუნის ლექტორების სანდრო კანდელაკისა და გოგა საათაშვილის გუნდის მიერ დაფუძნებული სტარტაპი Student Hunt GITA-ის 150 000- ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

სტარტაპი Student Hunt სტუდენტებს ეხმარება, ერთიან სივრცეში იპოვონ სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან, ბრენდებს კი საშუალებას აძლევს 4-ჯერ იაფად შეძლონ სტუდენტური სეგმენტის მოზიდვა.

Student Hunt-ის გუნდის წევრები:

  • სანდრო კანდელაკი 7 წელზე მეტია მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე, თავისი გამოცდილების შესაბამისად მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინიციატივაში. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, თან ტერაბანკში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობს. Სანდრო Student Hunt-ში პროდუქტის განვითარებასა და კომპანიებთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს.
  • გოგა საათაშვილი 7 წელზე მეტია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მუშაობს, ამავდროულად წლებია სხვადასხვა მარკეტინგული მიმართულებით მუშაობდა და მონაწილეობდა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ კამპანიებში. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და Student Hunt-ის აღმასრულებელი მარკეტინგის დირექტორია.
  • გურამ ლაცაბიძე წლებია ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე მუშაობს გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანია Matterport-თან. გურამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და Student Hunt-ის საოპერაციო მიმართულებას ხელმძღვანელობს.
  • ლევან მელიქიშვილი წლებია ქართულ კომპანიებს რთული და კომპლექსური პროდუქტების შექმნაში ეხმარება. მის მიერ შექმნილი პროდუქტები წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე გლობალურ ბაზარზე. იგი Student Hunt-ის ტექნოლოგიური დირექტორია.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

2023