ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020“ ფარგლებში მოსწავლე გოგოებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციისთვის ახორციელებს  პროექტს „საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის“.

12 კვირის განმავლობაში კონკურსის წესით შერჩეულ უფროსკლასელ გოგოებს საინჟინრო კარიერაში წარმატებული ქალი მენტორები ტექნიკურ და საინჟინრო დარგებს გააცნობენ და მოსწავლეები დაეუფლებიან:

  • ბლოკურ პროგრამირებას;
  • მიკროელექტრონიკის კომპონენტებს;
  • DJI Tello Edu დრონის პროგრამირებას;
  • OTTO bot-ის პროგრამირებას.

წინასაახალწლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლე გოგოებს OTTO bot-ები და ილიაუნის ბრენდირებული ჰუდები გადასცა საჩუქრად.

პროექტის შესახებ

პროექტი ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსს, ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის („დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020“) ფარგლებში.

პროექტის მთავარი მიზანია, გოგოები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, ანუ დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

2020