11 ნოემბერს საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) პირველ ონლაინკონფერენციას გამართავს.

კონფერენციაზე მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები ისაუბრებენ ალიანსის ისტორიასა და მიზნებზე, სამეწარმეო განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე. გაიმართება ვორკშოპები როგორც ალიანსის სამომავლო მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად, ასევე ბრიტანული STEAMHouse-ის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად.

კონფერენციის მიზანია ალიანსის წევრებისა და ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის აქტორების შეკრება და ალიანსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: „სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

GEEA, საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანება, მხარს უჭერს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი იქნება.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის დეკლარაციის ხელმომწერები არიან:

  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • შემოქმედებითი საქართველო;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • Creative Solution.

ალიანსის მიზანია ხელი შეუწყოს სამეწარმეო განათლების განვითარებასა და საზოგადოებაში სამეწარმეო უნარების კულტივირებას.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/rbeh347DV1inutTJ7

რეგისტრაციის ვადა: 10 ნოემბერი, 18:00 საათი

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.