2024 წლის 21 და 24 ოქტომბერს გრანადის უნივერსიტეტში ჩატარდა სატრენინგო კვირეული Erasmus+ DeSIRe საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის პროექტის „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში.

პროექტში მონაწილეობენ როგორც ევროკავშირის – დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტი, ლაპენრანტის (ფინეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დუნ ლაოჰაირის ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ირლანდია) და გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტები – ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის გორისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გრანადის უნივერსიტეტში ტრენინგის კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს სწავლების აქტუალური თემები:

  • თანასწორობა, მრავალფეროვნება და ჩართულობა (ხელმძღვანელები: მარია ანხელეს მარტინეს სანჩესი, ნურია ბერნადეს როდრიგესი, მარია ფერნანდეს კაბეზასი);
  • ციფრული წიგნიერება და სწავლების პროგრამები (ხელმძღვანელი ვანესა გამიზ სანჩესი);
  • მეწარმეობის საბაზისო უნარები (ხელმძღვანელი ანა იზაბელ როდრიგეს მარტინესი);
  • MOOC-ების გამოყენება (ხელმძღვანელები: ალბერტო გილენ პერალესი, იგნასიო ხოსე ბლანკო მედინა) და ა.შ.

დაგეგმილია ტრენინგები ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ონლაინტრენინგები და საპილოტე გამოცდილების დანერგვა პროექტის მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამებში.

პროექტის დასასრულს მონაწილენი შეიმუშავებენ სპეციალურ სატრენინგო პროგრამას, რომელიც შედგება 5 ECTS კრედიტის მქონე ხუთი სასწავლო კურსისა და 5 MOOC-ისგან (მასშტაბური ღია ონლაინკურსები), რომლებიც გამიზნულია როგორც პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.