ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინიციატივით მდგრადი აღმშენებლობისა და ცხოვრების ხარისხის გლობალურად გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტში შეიქმნა სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის კვალიფიციური სამოქალაქო ინჟინრების ახალი თაობის აღზრდას.
ფონდი სრული, ოთხწლიანი, დაფინანსების მიღებისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ პროფესიად სამოქალაქო ინჟინერიას აირჩევენ და 2022 წლის ერთიანი გამოცდების შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.
როგორ მოვიპოვო დაფინანსება სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან ?
პროცედურები
სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან დაფინანსების / სტიპენდიის მოსაპოვებლად
- დარეგისტრირდით სმიტონის სახელობის ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდებზე მათემატიკასა და ინგლისურში, რომელთაც უნივერსიტეტი აპრილში ჩაატარებს;
- წარმატებით ჩააბარეთ სმიტონის სახელობის ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდები და მიიღეთ უნივერსიტეტიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი ცნობა;
- 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველი არჩევანით (პრიორიტეტით) ჩააბარეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე და წარმოადგინეთ შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა.
პირობები და დაფინანსების მოცულობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველი არჩევანით ჩარიცხვისა და პროგრამაზე ჩარიცხვის შიდასაუნივერსიტეტო საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ცნობის წარმოდგენის საფუძველზე სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან:
- 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები მოიპოვებენ ყოველთვიურ სტიპენდიას თვეში 150 ლარის ოდენობით;
- 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები 100%-მდე შეივსებენ დაფინანსებას იმ თანხით, რომელიც მათ მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტისა და სწავლის დაფინანსების სხვა წყაროს მიღმა (მაგ.: მერიის დაფინანსება) დარჩება.
ფონდიდან მოპოვებული სტიპენდიისა და გრანტის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების წინაპირობა: უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტის აკადემიური მოსწრება სემესტრულად არ უნდა იყოს B (81-90) შეფასებაზე ნაკლები.
როგორ დავრეგისტრირდე სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო გამოცდებზე?
დასარეგისტრირებლად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მონიშნოთ გამოცდების ჩაბარების თქვენთვის სასურველი თარიღი.
- შიდასაკვალიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა: https://bit.ly/3Lp9aBd
რა მოხდება, თუ დაფინანსების მოპოვების შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდებზე დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ მივიღებ?
გამოცდები აპრილში რამდენჯერმე ჩატარდება და გექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა გახვიდეთ გამოცდაზე და გააუმჯობესოთ შედეგი.
ამასთან, იმ კანდიდატებს, რომელთაც პირველ პრიორიტეტად არჩეული ექნებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა და მინიმალური ქულები დააკლდებათ შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე დარჩენილ დროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით შესთავაზებს ინგლისურსა და მათემატიკაში მომზადების ინტენსიურ პროგრამას 100%-იანი დაფინანსებით.
ჯონ სმიტონის შესახებ
წარმოშობით ბრიტანელი ჯონ სმიტონი (1724-1792) პირველი თვითგამოცხადებული სამოქალაქო ინჟინერია, რომელსაც ხშირად „სამოქალაქო ინჟინერიის მამად” მოიხსენიებენ. სმიტონი პასუხისმგებელი იყო ხიდების, არხების და შუქურების დიზაინზე. იგი იყო ნიჭიერი მექანიკოსი და გამოჩენილი ფიზიკოსი.
სმიტონი ცნობილია იმით, რომ ააგო ედისტოუნის შუქურა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გადაუჭრა მოსახლეობას და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
1771 წელს მან კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა სამოქალაქო ინჟინერთა სმედონის საზოგადოება, პროფესიის ლიდერთა ჯგუფი, და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
დამატებითი კითხვებისთვის
pr@iliauni.edu.ge
577530220
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
- როდის და რამდენჯერ ჩატარდება სმიტონის სახელობის ფონდიდან დაფინანსების მოპოვების საკვალიფიკაციო გამოცდები მათემატიკასა და ინგლისურში?
გამოცდები ჩატარდება 2022 წლის აპრილში და კანდიდატს ექნება შესაძლებლობა სარეგისტრაციო ფორმაში აირჩიოს გამოცდის ჩაბარების მისთვის სასურველი თარიღი.
- რა ფორმატით ჩატარდება გამოცდები?
გამოცდები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკურ სივრცეში.
- თუ შიდასაკვალიფიკაციო გამოცდების მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილე, მექნება გამოცდაზე ხელახლა დარეგისტრირების შესაძლებლობა?
დიახ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას პირველ ჯერზე ვერ ჩააბარებთ სასურველი შედეგით, გექნებათ შესაძლებლობა ხელახლა დარეგისტრირდეთ და გააუმჯობესოთ შედეგი, მოიპოვოთ სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის შიდასაკვალიფიკაციო საუნივერსიტეტო მოთხოვნების დაკმაყოფილების ცნობა, რომელიც ფონდიდან დაფინანსების მოპოვების ერთ-ერთი წინაპირობაა.
- თუ ვერ ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე, მაგრამ მოვხვდი უნივერსიტეტის სხვა საბაკალავრო პროგრამაზე, შევძლებ ფონდიდან დაფინანსების მოპოვებას?
სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის კვალიფიციური სამოქალაქო ინჟინრების ახალი თაობის აღზრდას, შესაბამისად, ფონდიდან დაფინანსების წინაპირობაა კანდიდატმა ჩააბაროს კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.
- თუ მოვიპოვებ ფონდიდან სტიპენდიას / გრანტს და სწავლის პროცესში ერთ კონკრეტულ სემესტრში მექნება B-ზე ნაკლები შეფასება, მომდევნო სემესტრში კი გავაუმჯობესებ შედეგს, აღმიდგება გრანტი / სტიპენდია?
გრანტს / სტიპენდიას გარანტირებულად მიიღებთ პირველი სემესტრის განმავლობაში. მათი შენარჩუნების პირობაა ყოველ სემესტრში გქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება (B შეფასება). გრანტის / სტიპენდიის დაკარგვის შემთხვევაში დაფინანსება არ აღდგება.
- თუ პირველ არჩევანად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დავაფიქსირებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამას, მაგრამ უნივერსიტეტიდან მოპოვებული მექნება სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის შიდასაუნივერსიტეტო საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ცნობა და მეორე ან შემდგომი არჩევანით ჩავირიცხები პროგრამაზე, ვერ მივიღებ დაფინანსებას?
დიახ, დაფინანსების მოპოვების ერთ-ერთი წინაპირობაა პირველ პრიორიტეტად მითითებული გქონდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა, რადგან გვჯერა, რომ ფონდის მთავარ მიზანს, ხელი შეუწყოს ახალი თაობის სამოქალაქო ინჟინრების აღზრდას, დღეს საქართველოსა და რეგიონში ყველაზე მეტად ეს პროგრამა უპასუხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატებსაც სწორედ ეს ნდობა ჰქონდეთ ჩვენ მიმართ.
- როგორ დავადასტურო, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ პრიორიტეტად შემოხაზული მქონდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა?
შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სქრინი. ჩვენ ვენდობით თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, თუმცა უფლებას ვიტოვებთ, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმოთ მესამე მხარესთან (მაგ.: საგამოცდო ცენტრში).
სწრაფი ბმულები:
2022 წელი